პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში, ახალგაზრდობა არ არის გასამართლებელი საბუთი - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"იმის გამო, რაც თქვენ სტუდენტებს უთხარით, ნორმალურ ვითარებაში, ნორმალურ ქვეყანაში, პარლამენტის თავმჯდომარე ბოდიშს მოიხდიდა და გადაგდებოდა", - ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე და სტუდენტებთან მიმართებაში მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.

ახვლედიანის პასუხად, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ  "პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში":

"ბატონო არმაზ, თქვენ გასული საუკუნის 30-იანი, თუ 20-იანი წლები გაიხსენეთ. თუკი რამე გვაგონებს ამას, ეს გვაგონებს. 100 წელია ეს საქართველოში არ მომხდარა, 100 წლის წინ მოხდა ბოლოს, როცა უნივერსიტეტში, თსუ-ში უგზავნიდნენ ტყავის ქურთუკიან, „მაუზერიან“ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ პროფესორები აუდიტორიებიდან გამოეყარათ. სამწუხაროდ, არავინ აღმოჩნდა თქვენს რიგებში, რომ ამას გამიჯვნოდა და ამის მიმართ პროტესტი ჰქონოდა. თუკი ვინმეს რამე პროტესტი აქვს, ვინმეს რამე აზრი აქვს, სწორედ ასეთი ქცევებით, ასეთი ნაყიდი პროტესტით, შეგზავნილი აქტივისტები აფუჭებენ აქტივიზმსაც, სამოქალაქო სითამამესაც და ა.შ. ამიტომ, რა თქმა უნდა, არათუ ვინმეს სათაკილო უნდა ჰქონდეს, ყველას ვალდებულებაა, ამხილოთ ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც როგორც აქტივისტი შეგზავნილია აუდიტორიებში, რომ ლექტორებს ობსტრუქცია მოუწყოს. არაფერი ესაქმება პოლიტიკურ აქტივიზმს აუდიტორიებში. მე თავად, წლები ვკითხულობდი ლექციებს, ბევრი თქვენგანი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხართ. ეთიკის პირველი საკითხია, რომ პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში, როგორც ლექტორის მხრიდან, ისე სტუდენტის მხრიდან. ახალგაზრდობა არ არის გასამართლებელი საბუთი არავისთვის, ყველა სრულწლოვანია და ყველას აქვს პასუხისმგებლობა...

როცა ნაყიდი პროტესტია, თავიდანვე თუ არ ითქვა, ძირშივე თუ არ გაჩერდა, სადამდე მიგვიყვანს, მერე გაიხსენეთ გასული საუკუნის 30-იანი წლები".- განაცხადა პაპუაშვილმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი