
უკრაინამ მოახერხა 15 ბავშვის დაბრუნება ხარკოვისა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ტერიტორიებიდან, - ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.
მისი თქმით, ბავშვები უკრაინაში მშობლებთან და კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად დაბრუნდნენ. საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 308 უკანონოდ დეპორტირებული ბავშვი დაბრუნდა.
შეგახსენებთ, სწორედ უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაცია და რუსეთში, ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი გადაყვანა გახდა მიზეზი, რომლის საფუძველზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენი, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.