
ბრიუსელში საგარეო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროკომისარს სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყება განმარტავს, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესს.
"ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამ გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესს, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესის მნიშვნელობას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების სახით. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევასა და პროგრესს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კონტექსტში. იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება ასახული შემდგომ გადაწყვეტილებებში", - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეხვედრას ტვიტერზე ოლივერ ვარჰეიც გამოეხმაურა. როგორც მან დაწერა, მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ძალებს შორის კოოპერაცია, რათა მოხდეს რეფორმების დღის წესრიგის წინსვლა.