"ქართული ოცნების" ზიზღის კამპანიის ფლაგმანი დეპუტატი, სოციალურ ქსელში კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებს კი აღარ ლანძღავს პირდაპირ ემუქრებოდა. უცენზურო სიტყვებითა და ოპონენტების ლანძღვა- გინებით ცნობილი დიტო სამხარაძის შანტაჟისა და აგრესიის სამიზნე ამჯერად საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულა სულაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც დიმიტრი სამხარაძესთან მიმოწერა გაასაჯაროვა, სადაც დეპუტატი მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება. დიტო სამხარაძე სულაშვილს წერს, რომ ვერსად დაიმალება, მისი ხალხი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიაგნებს და სულაშვილს სიცოცხლის დასრულება თვითმკვლელობით მოუწევს.
"ოცნების" ოდიოზური დეპუტატი დღეს დილიდან მედიასთან არ გამოჩენილა, სამაგიეროდ თანაგუნდელს, რომელიც ადამიანებს კრიტიკული მოსაზრების გამო თვითმკვლელობამდე მიყვანით ემუქრებოდა უმრავლესობის წევრები აქტიურად იცავდნენ. მოგვიანებით კი თავად სამხარაძემ სხვა გამოსავალი იპოვა და ამტკიცებდა, რომ მიმოწერა და თავად მისი ანგარიშიც ყალბია.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი