თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მუშაობენ ახალ პროექტზე "ფიქს თბილისი", რომელიც აპლიკაციის შექმნას ითვალისწინებს. კალაძემ თქვა, რომ მასზე წვდომა ნებისმიერ მოქალაქეს ექნება და ისინი შეძლებენ ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტს მიაწოდონ.
მისი თქმით, გაგზავნილი ფოტო და მისამართი ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, მოქალაქე კი ამავე აპლიკაციით განახლებულ ინფორმაციას მიიღებს თუ რა ეტაპზეა პრობლემის მოგვარება.
კალაძე ამბობს, რომ აპლიკაცია თავდაპირველად მოიცავს 4 კატეგორიას - საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების, გარე ნათების, საპარკე ინფრასტრუქურის.
"ეს არის სპეციალური აპლიკაცია, რაზეც წვდომა ექნება ნებისმიერ მოქალაქეს. ეს იქნება აპლიკაცია, ტელეფონში ჩამოსატვირთი, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაცია კიდევ უფრო გავაადვილოთ. ამის მიზანი იქნება დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება, ისე რომ მოქალაქეს არ მოუწიოს ცხელ ხაზზე რეკვა, ინფორმაცია იყოს სრულყოფილი და მუნიციპალიტეტმა შეძლოს პრობლემის მარტივად იდენტიფიცირება", - თქვა კალაძემ.
მისი თქმით, დღეს მოქალაქეებს ცხელ ხაზზე დარეკვა უწევთ, ან სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებენ და მუნიციპალიტეტის Facebook გვერდს ნიშნავენ. კალაძემ თქვა, რომ მსგავს ფოტოებს პირადად მასაც უგზავნიან.
მერმა თქვა, რომ აპლიკაცია პირველი მაისიდან ამოქმედდება.