
ფინანსთა მინისტრი არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას, რომ ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ასარჩევად პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს.
"მინისტრის საათის" ფორმატში, მას შესაბამისი შეკითხვა დეპუტატმა რომან გოცირიძემ დაუსვა:
"ადასტურებთ თუ არა, რომ შეიტანეთ განაცხადი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში და ხდება თუ არა ზეწოლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად თქვენი კანდიდატურის წარდგენის თაობაზე?“ - მიმართა ლაშა ხუციშვილს რომან გოცირიძემ.
მინისტრის თქმით, კონკურსს პრეზიდენტი ატარებს და თუ ჩათვლიან საჭიროდ რომ ინფორმაცია საჯაროა, ადმინისტრაცია გაასაჯაროებს:
"ეს არის კონკურსი, რომელსაც ატარებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ნებისმიერი ინფორმაცია თუ საჯაროდ ჩათვლიან, რომ არის ღია ინფორმაცია, ამ ინფორმაციას მოგაწვდიან თქვენ და შესაბამისად, იხელმძღვანელებთ ამ ინფორმაციით." აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა დეპუტატის პასუხად.