
უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობა გაიხსნება - შეთანხმებას ხელი უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მდივანმა პიტერ ლუისმა მოაწერეს.
"ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ მნიშვნელოვანი დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულის ყველა დამნაშავე არ დაისჯება" - განაცხადა კოსტინმა.
გენერალური პროკურორის თქმით, უკრაინა მოელის შემდგომ თანამშრომლობას რუსი კრიმინალების, მათ შორის აგრესორი ქვეყნის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრალის გამოძიებასა და დევნაში.
ცნობისთვის, 17 მარტს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.