
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების საკითხი ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი არ არის. როგორც მან "იმედის" ეთერში თქვა, მმართველი პარტია გამოიყენებს რჩევებს და ამ საკითხს კომპლექსურად განიხილავს.
"ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ის მკურნალობას არ ემორჩილებოდა და „ვივამედის“ ეს განცხადებაც იყო კიდევ ერთი განმეორება მთელი ამ ისტორიისა, რომ სააკაშვილი მკურნალობას არ ემორჩილება, მას მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობენ და ამ მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. ჩვენ გვთხოვეს, რომ მიზანშეწონილობის საკითხი განვიხილოთ. რა თქმა უნდა ეს საკითხი არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ.
მთელი ეს მცდელობები, რომელსაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა აწარმოებს, არის მართული გეგმა იმისთვის, რომ ხელოვნურად დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, იმავდროულად, რომ შენარჩუნებული იყოს ძირითადი სასიცოცხლო პარამეტრები, არის „კარგად დაგეგმილი“ და მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც სააკაშვილის საზღვარზე შემოპარვიდან დღევანდელ დღემდე მიზნად ისახავს სახელმწიფოს დისკრედიტაციას და იმის ჩვენებას, თითქოს და მას ვინმე აწამებს. თუმცა ამის შესახებ დღემდე ვერავითარი მტკიცებულება ვერ მოიტანეს" - თქვა ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, "ვივა მედმა" გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებული მკურნალობის სქემაზე, შესაბამისად კლინიკა ამბობს, რომ იძულებულია, მიმართოს პენიტენციურს, შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა.