
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა, ადგილობრივ ლიდერებთან ერთად, მოქალაქეებს 9 აპრილის მოსაწვევი ბუკლეტები დაურიგეს. პარტიის წევრებმა მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს 25 მარტს, 15:00 საათზე ზუგდიდის იუსტიციის სახლთან დაგეგმილ აქციაზეც.
ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ სოფელში სასმელი წყლის, გაზიფიკაციისა და გზის პრობლემებზე მიაწოდა ინფორმაცია. სოფელში არსებული საფეხმავლო ორი ხიდიდან ერთი წყალმა წაიღო, ხოლო მეორე ნახევრად ჩანგრეულია. ხაბეიშვილის განცხადებით სწორედ ეს ჩამონგრეული ხიდი წარმოადგენს “რუსული ოცნების” რეალურ სახეს.
"ვიმყოფებით მარტვილის რაიონში, სადაც უსერიოზულესი პრობლემაა გაზთან დაკავშირებით და ფაქტობრივად, რაიონში 80%-ს გაზი არ აქვს 21-ე საუკუნეში, არ აქვთ წყალი და იგივე პრობლემა აქვს 70%-ზე მეტ მაცხოვრებელს. ასევე ჩვენ ვნახეთ განადგურებული ინფრასტრუქტურა და ახლა ვართ ე.წ „ხიდთან“, „ქოცურ ხიდთან“, დროშა ხომ ვერ დაკიდეს, ხიდიც ვერ გააკეთეს და ეს ხიდი ევროპაში ვერ მივა და ევროკავშირის სტატუსს ასეთი ხიდებით, შეჭმული ფულებით არ მოგვცემენ. ვნახეთ ერთი ხიდი, რომელიც წყალმა წაიღო ანუ ათი ათასობით ლარი ხალხის ფული წაიღო და მეორე ხიდი ვნახეთ, რომელიც მორყეულია ისე, როგორც „რუსული ოცნება“ და ვნახეთ უამრავი პრობლემები, რომელიც აქვს რაიონს. პარალელურად იმისა, რომ ცივილიზებულ სამყაროს გვაშორებენ, ამასობაში ჩვენ ვხედავთ, რომ სოფლებს, ადგილობრივებს აქვს უამრავი პრობლემა, განსაკუთრებით ხიდთან დაკავშირებით ეხება თამაკონს, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს ცენტრალურ მაგისტრალთან. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ქურდობა, რუსობა ქვეყნის ღალატი უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.