NDI-ს კვლევის მიხედვით მოსახლეობის 66% მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორიის ქვეყანაში არსებობა ხელს უშლის კორონავირუსის გავრცელებას, 4% კი მიიჩნევს, რომ პირიქით - ხელს უწყობს. გამოკითხულთა 6%-ს კი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ არც კი სმენია.
ამავდროულად, მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ პანდემიის დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში ძირითადად ექიმებისა და მთავრობის გადადგმული სწორი ნაბიჯების დამსახურებაა, 17%-ის მოსაზრებით ეს ერის გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.
კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოკითხულთა ყველაზე დიდი 30% მიიჩნევს, რომ ის ლაბორატორიაში შეიქმნა დ მიზანმიმართულად გავრცელდა, 22%-ის მოსაზრებით ვირუსი ლაბორატორიიდან შემთხვევით გავრცელდა, ხოლო გამოკითხულთა 13% ფიქრობს, რომ ის შემთხვევით გაჩნდა. აქ საინტერესოა გამოკითხულთა 3%-ის მოსაზრება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი საერთოდ არ არსებობს.
გამოკითხულთა 19% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის მკურნალობისას შედეგიანია ხალხური მეთოდების გამოყენება, კერძოდ, ცხელი წყლის ან არყის დალევა, ნივრის ჭამა და ა.შ., 73% კი ხალხურ მედიცინას არ ენდობა.
გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ რწმენა კორონავირუსისგან იცავს, 35% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
მოსახლეობის 46% ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა, აცრის მომხრეა გამოკითხულთა 38%.
ასევე მოსახლეობის 10% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G ანტენების დამსახურებაა.
NDI-ს კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1,550 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.