
ღარიბაშვილი ფრანკლინის კლუბს ამჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან დაემუქრა და ორგანიზაცია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, აღნიშნულ კლუბში სპეცსამსახურების მიერ, ახალგაზრდების "დამუშავება" მიდის და მასში უცხო ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობენ, თუმცა რომელი ქვეყნის, ღარიბაშვილს აღარ უთქვამს:
ერთს გეტყვით, ძალიან ბევრჯერ გაისმა ის ბრალდება, თითქოს მე ახალგაზრდებს განზოგადებულად ვუწოდე სატანისტები და ა.შ. და მოიყვანეს პარლამენტის თავმჯდომარის გამონათქვამიც, რომელიც კონკრეტულ შემთხვევას შეეხებოდა. მეც ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ რამდენიმე ახალგაზრდა, შეგნებულად არ მინდოდა და არც მინდა 4-5 ახალგაზრდის იდენტიფიცირება მოვახდინო, ეს იყო ჩემი სურვილი და მე ამის თაობაზე ვისაუბრე მართლაც არანორმალურ ასე ვთქვათ შემთხვევებთან გვქონდა საქმე და მე ამის თაობაზე ინფორმაცია მივიღე პოლიციის სამსახურებიდან...
საერთოდ, რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან? ეს არის სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა, მიდის ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა. მოსწავლეების, სტუდენტების, უკვე 2 ათასზე მეტი სტუდენტია მონაწილე ამ კლუბის. 1000-ზე მეტი ე.წ. ფრანკლინის კლუბის, ამ ანარქისტული კლუბის და არა ფრანკლინის, ეს არ არის ფრანკლინის კლუბი, ეს არის ანარქისტული მოძრაობის წევრები. 1000-ზე მეტი ანარქისტის, მონაწილე ესწრებოდა ამ მოვლენებს, 7-8 მარტის აქციებს. მათ ჰქონდათ კონკრეტული ინსტრუქციები მიცემული როგორ უნდა მომხდარიყო პროვოკაციები, შესულიყვნენ კონფლიქტში პოლიციასთან, სპეცნაზთან მათი წარმომადგენლების მხრიდან იყო და ამის თაობაზე მიმდინარეობს, მოლოტოვის კოქტეილების სროლა.
აქ მიდის ჩვეულებრივი დამუშავება სპეცსამსახურების. სამწუხაროდ, ამ ანარქისტული მოძრაობის სათავეებთან ფიქსირდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. მინდა გავაფრთხილო ამ ტრიბუნიდან, ნებისმიერი ქვეყნის, ვინც არ უნდა იყოს წარმომადგენელი, ვინც ამ ანარქისტულ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ მოძრაობაში მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენს საზოგადოებას გამოიყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. ჩვენი სამსახურები ყურადღებით მუშაობენ მეხუთე კოლონის წევრების გამოვლენაზე" თქვა ღარიბაშვილმა.