
რა ქონებას ფლობენ ქართველი მაღალჩინოსნები და რატომ ცდილობს ყოველი მეორე დამალოს საკუთარი ქონება? საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციები შეისწავლა და უმძიმესი ტენდენციები აღმოაჩინა.
ყოველი მეორე მაღალჩინოსანი ცდილობს დამალოს რა ქონებას ფლობს რეალურად. საერთაშორისო გამჭვირვალობამ ყველა იმ ადამიანის დეკლარაცია შეისწავლა, ვინც ხელფასს ბიუჯეტიდან იღებს და ვინც ვალდებულია ფინანსურ დოკუმენტში სრულად ასახოს რა შემოსავალი აქვს.
კვლევით ირკვევა, რომ ყოველი მეორე დეპუტატი ფინანსურ დოკუმენტს სრულყოფილად არ ავსებს, ასევე, შემოწმებული პარლამენტის წევრების 83%-მა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო. შესწავლილი დეკლარაციების 78% - ში ოჯახის წევრების მონაცემები არასწორად იყო მითითებული. ამ მხრივ ერთ - ერთი გამორჩეული ლიდერია სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და მომღერალი ზურა ხაჩიძე. მისი დეკლარაცია ფაქტობრივად ცარიელია და დადგენილი 12 პუნქტიდან შევსებისას 8 მათგანი დარღვეულია. თავად ამბობს, რომ დეკლარაციის წესის მიხედვით შევსება ვერ მოახერხა.
კანონმდებლობით დადგენილია, რომ თანამდებობის ყველა პირმა სრულყოფილად უნდა მიუთითოს დეკლარაციაში ის უძრავი თუ მოძრავი ქონება, ასევე საბანკო ანგარიშები რომელსაც თავად ან მისი ოჯახის წევრები ფლობენ. ყველა იმ პირს, რომელიც ხელფასს საქართველოს ბიუჯეტიდან იღებს, აქვს ვალდებულება გამჭვირვალე გახადოს მისი შემოსავლები და ქონება. ამ ინფორმაციაზე კი, ხელი უნდა მიუწვდებოდეს ნებისმიერ მოქალაქეს.
დეპუტატების ნაწილი დეკლარაციებში უზუსტობებს ტექნიკური ხარვეზით ხსნიდა. ირაკლი კობახიძემ კი, დღეს არ უპასუხა კითხვას - რატომ არ ავსებენ დეპუტატები დეკლარაციებს კანონით დადგენილი წესით და არასამთავრობო ორგანიზაციებს ისევ რუსული სტილით დაესხა თავს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ გზით თანამდებობის პირები მალავენ ქონებას რომელსაც რეალურად ფლობენ და რომელიც ძირითად შემთხვევაში კორუფციული გზით აქვთ დაგროვებული.
დეკლარაციების შევსების სიზუსტეს საჯარო სამსახურის ბიურო ამოწმებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში თანამდებობის პირს აჯარიმებს. თუმცა ბიურო ასევე ვალდებულია რომ დარღვევების შესახებ ინფორმაცია პროკურატურას გადასცეს, პროკურატურამ კი, საქმეზე გამოძიება დაიწყოს. ასეთი ფაქტი ბოლო 2 წელში საერთოდ არ ფიქსირდება.
ავტორი: ნინო გიგაური