გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ხაზგასმით წერია, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
ბერბოკი ამბობს, რომ სტუდენტებს ევროპული მომავალზე ესაუბრა და მაგალითიც მოუყვანა, როგორ უნდა დაიცვა საკუთარი ინტერესები მაშინაც კი, თუ ხელისუფლებაში შენს მისწრაფებებს სკეპტიკურად უყურებენ.
"აქ თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, ეჭვგარეშეა, სად არის საქართველოს მომავალი: ევროკავშირში.
„რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ მიჰყვება ჩვენი თაობის საქმეს იმავე ენერგიით?“ მეკითხება ერთ-ერთი სტუდენტი. - განაგრძე, იყავი დაჟინებული. სამი წლის წინ ჩემს ზოგიერთ კოლეგას ეღიმებოდა სტუდენტებზე, რომლებიც გაფიცულები იყვნენ კლიმატის დასაცავად. დღეს მათი დღის წესრიგი განიხილება საერთაშორისო მოლაპარაკებების ოთახებში და ასევე ოჯახებში სამზარეულოს მაგიდის გარშემო.
დაახლოებით ერთი წლის წინ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტები ევროკავშირში გაწევრიანების საფუძველია. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
იმის გამო, რომ ქვეყანა უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იმყოფება: 2008 წელს რუსეთის არმია თავს დაესხა საქართველოს, ქვეყნის ორი ნაწილი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო კონტროლდება რუსეთის მიერ. მეორე მხრივ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ათიათასობით ადამიანი გაიქცა საქართველოში რუსეთიდან და უკრაინიდან. აქ ახალი ჭრილობები ხვდება ნაწიბურებს.
ამ ახალგაზრდა თაობის ძალა თავისი ქვეყნის მომავლის ფორმირებისთვის არის ჩვენი მოტივაციაც. ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რამდენი ათასი ქართველი ახალგაზრდა მიდის ევროკავშირის დროშით, როდესაც ისინი გამოდიან ქუჩებში გამოხატვის თავისუფლებისა და თავისი ცოცხალი, კრიტიკული საზოგადოების შესანარჩუნებლად.
„და თუ პროცესი გაჩერდა?“ მეკითხებიან დამშვიდობებისას. ჩვენი კარი ღია რჩება. პოლიტიკა ცვალებადი პროცესია და არასდროს არაფერია დასრულებული. ეს ზოგჯერ დამღლელია, მაგრამ ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ უკრაინის დროშა ფრიალებს თბილისის უნივერსიტეტის შესასვლელთან, მეტყველებს იმაზე, თუ რა ღირებულებებს ვიზიარებთ. და რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.",- წერს ბერბოკი.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინსიტრის 2-დღიანი ვიზიტი გუშინ დასრულდა.