
ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში, რუსები ადგილობრივ მოსახლეობას რუსული პასპორტების აღებას აიძლებენ და მასიურად ჩხრეკენ მათ სახლებს.
ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, დღეს დილით ოკუპანტებმა მელიტოპოლის ცენტრალური მოედანი გადაკეტეს და ამოწმებდნენ ყველაფერს, კანალიზაციის ჭებსაც კი - "ამას ჩვეულებრივ აკეთებენ მაშინ, როცა მაღალი თანამდებობის პირებს ელოდებიან", - ამბობს ფედოროვი.
„ბოლო ერთი კვირაა ახალი ტენდენციაა. ოკუპანტებმა მოაწყვეს მიგრაციის სამსახურის მობილური ოფისები, რომლებიც მიდიან სახლებში რასისტული პასპორტების გასაცემად. ისინი ძალით ცდილობენ უკრაინელებისთვის რასისტული პასპორტების გაცემას. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ დღეს შეუძლებელია საავადმყოფოში, ან რომელიმე საოკუპაციო ორგანოში წასვლა რასისტული პასპორტის გარეშე“, - ამბობს ფედოროვი.
ამავდროულად, როგორც მელიტოპოლის მერი ამბობს, ოკუპანტები ევაკუაციისთვისაც ემზადებიან, იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავლენ.
„ერთი კვირაა ატარებენ შეხვედრებს და ევაკუაციის წვრთნებს. ტელეგრამის არხებზე აგზავნიან მესიჯებს, თუ როგორ მოიქცნენ შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დროს. გუშინ, დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მიმდებარე ერთ-ერთ სოფელში აქტივს აგროვებდნენ, რომელშიც შედიოდნენ პოლიციელები, მასწავლებლები, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები, ისინი, რომლებიც რუსებთან თანამშრომლობენ და დეტალურად განიხილეს ევაკუაციის საკითხები“, - თქვა ფედოროვმა.