
თითქმის დასრულდა თავდაცვის კიდევ ერთი კვირა, კიდევ ერთი კვირა, როდესაც უკრაინა გაძლიერდა და როცა მტერი კიდევ უფრო იზოლირებული და უიმედო გახდა - ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასული კვირა საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში შეაჯამა და იმ დახმარებებზე ისაუბრა, რომელიც მხოლოდ ბოლო 1 კვირაში, მსოფლიომ ომში მყოფ ქვეყანას აღმოუჩინა:
"ამ კვირაში მივიღეთ გადაწყვეტილება თავდაცვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე - შეერთებული შტატებიდან, ლიეტუვადან, ფინეთიდან, გერმანიიდან.
შვედეთის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის მე-11 პაკეტი. იაპონიასთან გვაქვს მტკიცე შეთანხმებები - კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრ კიშიდას პროდუქტიული ვიზიტისთვის.
ევროკავშირიდან მილიარდნახევარი ევროს მაკროფინანსური დახმარება მივიღეთ - თანხები უკვე ეროვნული ბანკის ანგარიშებზეა.
ხორვატიის მთავრობამ მიიღო ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამა.
საბერძნეთი შეუერთდა პარტნიორთა ჯგუფს, რომლებიც მუშაობენ სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე.
ისლანდიამ აღიარა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად.
ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ ყველგან და ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რათა რუსულმა რევანშიზმმა წააგოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის თითოეულ ელემენტში.
მადლობა ყველას, ვინც აძლიერებს ჩვენს უკრაინას! დიდება ყველას, ვინც უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვის!
დიდება უკრაინას!" ნათქვამია ზელენსკის ვიდეომიმართვაში.