
პუტინმა კიდევ ერთი საინფორმაციო ოპერაცია წამოიწყო და განაცხადა, რომ რუსეთი 1 ივლისამდე განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელორუსში და განაახლა მანამდე არაერთხელ გამოყენებული "საინფორმაციო ოპერაციები" ბირთვული ესკალაციის პოტენციალის შესახებ - ამის შესახებ საუბარია ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის [ISW] ბოლო განახლებაში.
ექპსპერტების ცნობით, გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ - გაგზავნონ უკრაინაში გაუფუჭებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალები, რაც ბუნებრივ ურანზე გაცილებით ნაკლებად რადიოაქტიურია, მოჰყვა პუტინის განცხადება, რომ განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსში.
პუტინმა უარყო დასავლეთის განცხადებები, რომ ასეთი საბრძოლო მასალები [რასაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნის] უსაფრთხოა გამოსაყენებლად და არ შეიცავს რადიოაქტიურ კომპონენტებს. პუტინი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ჭურვის ბირთვი ათავისუფლებს "რადიაციულ მტვერს" და შესაძლოა დაავადდეს უკრაინის მოქალაქეები და დააზიანოს უკრაინის გარემო.
ამასთან, დასავლური ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალა ჩვეულებრივ შეიცავს გაფუჭებულ ურანს, რომელსაც როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აღნიშნავს, "შესაფერისია სამხედრო გამოყენებისთვის“. ასეთი საბრძოლო მასალის გამოყენება არ შეიძლება არც ბირთვული და არც რადიოლოგიური იარაღის შესაქმნელად.
ანალიტიკოსები წერენ, რომ პუტინის არგუმენტი მცდარია და ამას, სავარაუდოდ, შიდა აუდიტორიაც კი, აცნობიერებს. ცნობილმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა 25 მარტს გააპროტესტა პუტინის არგუმენტი და განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ გაფუჭებული ურანის მიწოდება არ არის "რეალური პრობლემა".
გარდა ამისა, ექსპერტები წერენ, რომ პუტინის შეშფოთება უკრაინაში გარემოს კეთილდღეობაზე, გარკვეულწილად უადგილოა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ძალებმა მიაყენეს დიდი ზიანი უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რომ არაფერი ვთქვათ უკრაინის ქალაქებსა და ხალხს.
ანალიზში ხაზგასმულია ისიც, რომ პუტინი, სავარაუდოდ, ცდილობდა რუსული ბირთვული იარაღის განლაგებას ბელარუსში 2022 წლის თებერვლის უკრაინაში შეჭრამდე. ISW-მ 2022 წლის იანვარსა და თებერვალში იწინასწარმეტყველა, რომ პუტინი შესაძლოა, ცდილობდეს ტაქტიკური ან სტრატეგიული ბირთვული იარაღის განლაგებას ბელარუსში, მასზე რუსეთის კონტროლის გაღრმავების მიზნით.
საბოლოოდ პუტინმა, სავარაუდოდ, თავი შეიკავა ბელარუსიაში იარაღის განლაგებისგან ომის დაწყებამდე, რათა საიდუმლოდ დაეტოვებინა მათი განლაგების ვარიანტი, როგორც მომავალი რუსული საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი და დასავლეთზე მანიპულირების გზა. ახლა კი რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა ესარგებლა სიტუაციით და გააკეთა შესაბამისი განცხადება, რათა დაეშინებინა კიევი და მისი პარტნიორები.