"რუსეთი დამარცხდება, ეს საბოლოოდ გამოიწვევს საყოველთაო თავისუფლებას" - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ნორვეგიაში გამართულ ცერემონიალზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიაში დემოკრატიის პრიზი გადაეცა. დაჯილდოებაზე სიტყვით მისი შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი გამოვიდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა.

მიხეილ სააკაშვილმა მიმართვაში საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

"დღეს დემოკრატიული ღირებულებები თავდასხმის ქვეშაა, მას სჭირდება დაცვა და ურყევი ერთგულება თავისუფალი სამყაროსგან. ეს თავდასხმები სხვადასხვა ფორმებს იღებს, სხვადასხვა დროს ხდება და სხვადასხვა მიმართულებით ვლინდება, მაგრამ მათი მიზანი, გამოცხადებული სამიზნე ყოველთვის ერთია - სიტყვის თავისუფლების, თავისუფალი პრესის და ზოგადად დემოკრატიული ფასეულობების შელახვა.

ორი კვირის წინ ქართული წარმოშობის რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა სცადა დაეწესებინა კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც კოპირებულია მოსკოვის მიერ ადრე მიღებული რუსული კანონიდან, ქართველმა ახალგაზრდობამ, Z თაობამ ჩაშალა მისი გეგმა. როცა 2013 წლის ბოლოს თანამდებობას ვტოვებდი ამ ახალგაზრდებს მიშას თაობა უწოდეს, ისინი ვარდების რევოლუციის დროს დაიბადნენ, ყველაფერი რაც ჩვენ ოდესმე გაგვიკეთებია, მათთვის იყო.

ჩვენ გამოვიყვანეთ ქვეყანა ენერგეტიკული კრიზისიდან და უკიდურესი სიღარიბიდან, ამიტომ მათ არ მოუწიათ ამის გადატანა. ყველა სკოლის მოსწავლეს მივეცით კომპიუტერი, რუსული ენა შევცვალეთ  ინგლისურით და ათასობით დასავლელი მასწავლებელი მოვიყვანეთ სკოლებში მოხალისეებად. ამ თაობამ არ იცოდა კორუფცია საგანმანათლებლო სისტემაში და მომსწრე გახდა ძალაუფლების პირველი მშვიდობიანი გადაცემისა, ამიტომ როცა მათ თავისუფლებას საფრთხე შეექმნა, ისინი გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში და დაუპირისპირდნენ რუსული სტილის სასტიკ ძალებს.

დღეს თავისუფლება იბრძვის ომით განადგურებული უკრაინის სანგრებში, ის იბრძვის მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში, თავისუფლება ზეიმობს მთელ მსოფლიოში ყველას სახურავიდან, ბორცვიდან და მთიდან, ხეობებისა და პარკების თავზე და თავისუფლება გაიმარჯვებს. სწორედ ამ მიზეზის გამოა, რომ მსოფლიო ვერ დაუშვებს რუსეთის გამარჯვებას და ის დამარცხდება. პროცესი ადვილი და სწრაფი არ იქნება, ის მტკივნეული იქნება, მაგრამ ეს გარდაუვალია და საბოლოოდ გამოიწვევს საყოველთაო თავისუფლებასა და სამართლიან მშვიდობას", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც დაჯილდოებაზე ნიკოლოზ სააკაშვილმა წაიკითხა. 

დაჯილდოებზე სიტყვით გამოვიდა პროფესორი ჯეინ ჰალანდიც:

"მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია და ციხის საავადმყოფოში იმყოფება. როგორც პრეზიდენტს, მას ძალიან დიდი და შთამბეჭდავი პოლიტიკური კარიერა აქვს. მახსოვს 2008 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მასთან შეხვედრა და სადილზე მისი საუბარი თავისუფლებისა და საკუთარი ქვეყნის მომავლის მნიშვნელობაზეც.

ახლა ის ცუდ მდგომარეობაშია და მძიმედ ავადაა. დასავლური ქვეყნების მის ევროპულ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, რაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დიდი საფრთხის ქვეშაა. მას აქვს უფლება იმოქმედოს პოლიტიკურად უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით და ეს უფლება მას ეკრძალება. ის მარტო არ არის. ევროპის ამ რეგიონში და ბევრ სხვა ქვეყანაში არის პოლიტიკური ოპოზიცია, რომელთა გაჩუმებას ცდილობენ და დევნიან. ეს არამხოლოდ პირადი უსაფრთხოების უფლების დარღვევა, არამედ ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-3 მუხლის დარღვევაა, რომელიც ადამიანის უსაფრთხოების ფუნდამენტურ უფლებას ეხება. მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის და მას გადაუდებელი დახმარება სჭირდება", - თქვა მან.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი