მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) შეფასებას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დიდ გავლენა ექნება მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.
თუთბერიძის აზრით, კომიტეტის შეფასება დიდ დარტყმას მიაყენებს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს.
"მათი შეფასება აუცილებლად დიდ გავლენას მოახდენს მოვლენათა შემდეგ განვითარებაზე, მათ შორის, მათი შეფასებები შესაძლებელია გახდეს საფუძველი, თუ როგორი პოზიციის ფორმირება მოხდება ევროპაში და ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებაში. რაც შეეხება ვივა მედიდან გამოთხოვილ ინფორმაციას, დარწმუნებული ვარ, სასიკეთოს და კარგს ვივა მედი მათ ვერაფერს ეტყვის. დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, რომ საქმის სრული მასალები გავაცნოთ ყველა დაინტერესებულ პირს. ეს ადამიანები ჩამოსული არიან მისიით, რომ შეაფასონ მიხეილ სააკაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკური შურისძიების აქტები საქართველოში. ბუნებრივია, მათი შეფასება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი ვარაუდით, ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
შეგახსენებთ, CPT-ის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში გუშინ, 26 მარტს მოინახულეს. როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრებს დღესაც გამართავენ. ჯერჯერობით უცნობია ვის შეხვდებიან კომიტეტის წევრები.
ისინი რამდენიმე დღეში დასკვნას მოამზადებენ რომელსაც იუსტიციის სამინისტროს გადასცემენ, თავის მხრივ ბრეგაძის უწყება ვალდებულია კომიტეტის დასკვნა გაითვალისწინოს და შეასრულოს ის რეკომენდაციები, რასაც ევროპელები გასცემენ. კომიტეტის წევრები ასევე შეხვდნენ ომბუდსმენის ეგიდით შექმნილ სამედიცინო კონსილიუმის წევრებსაც.