ზეწოლა, შანტაჟი, თვალთვალი და მუქარა - "ტროლებისა" და "ბოტების" შეტევა "ემპათიას" წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ზეწოლა, შანტაჟი, უკანონო თვალთვალი და მუქარა - დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრების შემდეგ, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხებოდა, ცენტრ "ემპათიას" თანამშრომლების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებსა და მედიაში, ორკესტრირებული შეტევა დაიწყო.

მას შემდეგ, კი რაც ექსპერტები თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულ სიკვდილის საქმეშიც ჩაერთვნენ, შეტევის მსხვერპლი უკვე ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გახდა.

„უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით გახშირდა მუქარისა და ზეწოლის ფაქტები ცენტრ „ემპათიას“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, გალინა კარმუშინას, უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილისა და ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის მიმართ. აღნიშნული ზეწოლა გულისხმობს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო ზარებსა და სოციალურ ქსელში ორგანიზებულ შეტევებს. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეოგადაღება. სასამართლო სამედიცინო ექსპერტ გალინა კარმუშინას მიმართ ხორციელდება დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოქმედებები, როგორც უშუალოდ, პირისპირი კომუნიკაციისას, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით" აცხადებენ "ემპათიაში"

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შტურმი პროსახელისუფლებო ექსპერტების მიერ სატელევიზიო ეთერების, ასევე „ტროლებისა“ და „ბოტების“ დახმარებით მიმდინარეობს და მისი მიზანი ცენტრ „ემპათიას“ და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის პატივის, ღირსების და პროფესიული რეპუტაციის შელახვაა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა ექსპერტმა, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის დროსთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით ეჭვი გამოთქვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი შესაძლოა, ორი დღე ცოცხალი ყოფილიყო.

"ცხედარს აღენიშნებოდა ე.წ. გვამური გაშეშება, რომელიც გარდაცვალებიდან 48 საათში აღარ შეინიშნება, რაც ნიშნავს, რომ მდინარეში პოვნისას შაქარაშვილი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო.
ასევე არ იყო დაწყებული სხეულის ხრწნა. მაღალი ტემპერატურის გათვალისწინებით, თუ შაქარაშვილი 4 დღის გარდაცვლილი იქნებოდა, ეს პროცესი აუცილებლად უნდა დაწყებულიყო " _თქვა კარმუშინამ 20 ივლისს, "მთავარ არხზე", "მთავარი აქცენტების" პირდაპირ ეთერში საუბრისას

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი