ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები "ვივა მედში" ადმინისტრაციასა და მესამე პრეზიდენტის მკურნალ ექიმებს ხვდებიან. ცოტა ხნის წინ კლინიკა დატოვა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, რომელმაც თქვა, რომ კომიტეტის წევრები მის შვილთან ჯერ არ შესულან.
ადგილზე იმყოფება ადვოკატი, შოთა თუთბერიძეც, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ხვდება.
"ეს ადამიანები ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში მოამზადებენ გარკვეულ შეფასებას, რომელიც იქნება ერთ-ერთი ფუნდამენტი რაზე დაყრდნობითაც უნდა ჩამოყალიბდეს, ფორმირდეს ზოგადად ევროპული შეხედულება საქართველოზე, მათ შორის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულება რამდენად მიმდინარეობს სწორად. მე ვფიქრობ, რომ ეს ბატონები ამ მისიის შესრულების დროს სახარბიელოს საქართველოს ხელისუფლებისთვის, და სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოსთვის ვერაფერს ნახავენ, ამიტომ, ჩემი აზრით, მათი დასკვნა იქნება საკმაოდ მკაცრი", - თქვა თუთბერიძემ.
მანამდე ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. ისინი სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა კონსილიუმის წევრებსაც შეხვდნენ. კომიტეტის წევრებმა, ასევე, მოინახულეს სხვა პატიმარი პაციენტებიც, რომლებიც "ვივამედის" კლინიკაში მკურნალობენ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი.