"ფრანკლინის კლუბს" ამჯერად კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ესხმის თავს და ამბობს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან აფილირებული პოლიტიკოსების მიერ "ექსტრემისტული მიზნებისთვის" შექმნილი სამჭედლოა.
წულუკიანის განცხადებით, ეს კლუბი არის არა ფრანკლინის, არამედ ლევან რამიშვილის კლუბი.
"როგორც ირკვევა ფრანკლინის ე.წ. კლუბი გახლავთ ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული ექსტრემისტი პოლიტიკოსების და ექსტრემისტული მიზნებისთვის შექმნილი გარკვეული სამჭედლო, რომელსაც მე არ მგონია, რომ რაიმე კავშირი აქვს ამ დიდ ადამიანთან როლის სახელსაც ატარებს და მე არ მგონია, რომ ეს სამუშაო რაც ამ ახალგაზრდებზე, ამ კლუბის წევრებზე უნდა ხორციელდებოდეს, კავშირშია თუნდაც ერთ ღირებულებასთან მაინც, რომელზეც შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს, როდესაც ფრანკლინი ესმის.
ეს ალბათ უფრო არის არა ფრანკლინის კლუბი, არამედ ლევან რამიშვილის კლუბი, რომელსაც მავანი ცდილობს გამოიყენოს მომავალი წლის საარჩევნო პროცესისთვის, და ავიწყდებათ, რომ დღეს არ არის 2003 წელი, 2023 წელია, რომ დღეს არ არის ის ხელისუფლება სახელმწიფოს სათავეში, რომელიც მაშინ იყო და ახლა სხვა ხელისუფლებაა, სხვა რეალობაა, როგორც ისტორიული ასევე პოლიტიკური", - თქვა წულუკიანმა.
მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებმაც "ფრანკლინის კლუბი"დააარსეს, არიან "კმარას" ნოსტალგიაში. წულუკიანი ამბობს, რომ კლუბის საქმიანობა არა საგანმანათლებლო, არამედ პოლიტიკურ-იდეოლოგიური პროექტია.