
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სიცრუეა, რომ მისი ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნა იგეგმება. მან, ასევე უარყო, რომ რომელიმე სხვა სამინისტროში შესაძლოა გადავიდეს.
წულუკიანი ამბობს, რომ არჩევნებამდე წასვლას არსად აპირებს.
"ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე გახლავთ წმინდა წყლის სპეკულაცია, ისევე როგორც არაერთ სხვა ადგილას. ასე ხდება, როდესაც იმ ადამიანებს, ვისაც არ მოსწონთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, შემდეგ დასხდებიან, ადგილებიც ვიცი სადაც მსჯელობენ და თათბირობენ, ჩვენივე სისტემაში ხდება, ითათბირებენ და გადაწყვეტენ, რომ მალე გვეშველება, გადადის ამა და ამ სამინისტროში. ეს მე მგონი რიგით მეოთხე სამინისტროა, სადაც გამამწესეს. მაგრამ, მათ მინდა მივუსამძიმრო, რომ მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას და არჩევნების მერე მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება მქონდეს სათქმელი", - ამბობს თეა წულუკიანი.
შეგახსენებთ, რომ 17 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის ახლანდელ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილის თეა წულუკიანი შეცვლიდა. აღნიშნული ცნობებს უარყოფენ "ქართულ ოცნებაში".