ზედამხედველობა რომ მოხდეს, გელათში სამუშაოები უნდა მიმდინარეობდეს, რაც ასე არაა - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით გელათის მონასტერში რაიმე სახის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები ამჟამად არ მიმდინარეობს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, შეკითხვები, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მონასტერში და რისი გაკეთება იგეგმება იქ, საპატრიარქოს მიემართება.

მისივე თქმით, სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესზე დაკვირვება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მოვალეობაა, თუმცა იმისთვის რომ სააგენტომ მონასტერში ზედამხედველობა განახორციელოს, იქ ჯერ რაიმე ტიპის სამუშაოები უნდა იყოს დაწყებული.

"როგორც ცნობილია და ეს საჯაროდ გაცხადებულია, 24 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გადაიბარა გელათის სამონასტრო კომპლექსში საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს შეთანხმება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და შესაბამისად, ეს შეკითხვები, თუ იქ რა პროცესი მიმდინარეობს და რაც მთავარია, იგეგმება, უკვე ეკუთვნის სამუშაოებზე პასუხისმგებელ ორგანიზაციას, ეს გახლავთ საქართველოს საპატრიარქო. 

რასაკვირველია სააგენტო იქნება ზედამხედველობის ფუნქციით აღჭურვილი, იმიტომ რომ კანონისმიერი ვალდებულება სწორედ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსი. მაგრამ, იმისთვის რომ სააგენტომ რაიმე სახის ზედამხედველობა განახორციელოს, მონასტერში რაიმე ტიპის სამუშაო უნდა მიმდინარეობდეს, რაც ჩემი ინფორმაციით ჯერ ასე არ არის", - ამბობს კულტურის მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ გელათის სამონასტრო ტაძრის რეაბილიტაცია კულტურის სამინისტრომ საპატრიარქოს 24 თებერვალს გადააბარა. თუმცა, რესტავრაციას კვლავ სამინისტრო დააფინანსებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი