
რუსული დაქირავებული სამხედრო დაჯგუფების, "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბახმუტში ჩავიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მათ პრიგოჟინის ადგილმდებარეობის დადგენა "გეოლოკოაციის" მეთოდის გამოყენებით შეძლეს. მათ ამისთვის რუსი ჟურნალისტის, ალექსანდრ სიმონოვის ვიდეო-რეპორტაჟი გამოიყენეს.
სიმონოვი ბახმუტში პრიგოჟინის ნებართვით, ვაგნერის ჯგუფთან ერთად შევიდა და მან რუსული მედიისთვის პროპაგანდისტული ვიდეო მოამზადა ფრონტის ხაზიდან.
"ვაგნერის ჯგუფი ყოველთვის არ აძლევს უფლებას ომის ჟურნალისტებს რომ მათ წინა ხაზებზე შეუერთდნენ. მე ვთხოვე კომპანიის უფროსს, ევგენი პრიგოჟინს და მან მე უფლება მომცა, რომ მებრძოლებთან ერთად წამოვსულიყავი", - ციტირებს CNN სიმონოვს.
როგორც CNN წერს, სიუჟეტში მებრძოლები თანდათანობით აცნობენ ჟურნალისტს იმ ადგილებს სადაც ისინი ოპერირებენ.
ვიდეოში ერთ-ერთი რუსი მებრძოლი ამბობს - "მტერი 150-180 მეტრში ჩვენგან ჩრდილო-დასავლეთით არის...ყველა კერძო სახლს გამაგრებულია, ყველა 5-იდან 9 სართულიანი შენობა არის ციხესიმაგრე".
სიუჟეტში პრიგოჟინიც საუბრობს - "ჩვენ ვმოძრაობთ წინა ხაზზე. ვეძებთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესად და უფრო ჩქარა", - ამბობს პრიგოჟინი.
ერთ-ერთი მებრძოლი რეპორტაჟში ამბობს, რომ ისინი ბახმუტის სკოლა ნომერ ხუთში იმყოფებიან. CNN-მა სკოლას "გეოლოკაციის" დახმარებით ცენტრალური ბახმუტის სამხრეთ ნაწილში მიაგნო.
მოგვიანებით, უკვე სხვა ლოკაციიდან, პრიგოჟინი ამბობს, რომ ისინი ქალაქ სოლედართან ახლოს, სასაფლაოსთან იმყოფებიან, სადაც "ვაგნერელები" უკრაინელ ჯარისკაცებს "მარხავენ".
როგორც CNN წერს, პრიგოჟინი ბახმუტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე იმყოფებოდა.