
რუსეთის საზღვაო ძალებმა იაპონიის ზღვაში ზებგერითი ძალის საკრუიზო რაკეტა გაისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, გასროლა სატესტო ხასიათს ატარებდა და რაკეტები იმიტირებული სამიზნისკენ იყო მიმართული.
"სამიზნეს, რომელიც, დაახლოებით, 100 კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა, წარმატებით მოხვდა "მოსკიტის" ორი საკრუიზო რაკეტა", - წერს თავდაცვის სამინისტრო.
მათივე ინფორმაციით, წვრთნაში ორი გემი მონაწილეობდა.
Reuters-ის ცნობით, "მოსკიტი" საბჭოთა წარმოების საშუალო დისტანციის ზებგერითი საკრუიზო რაკეტაა, რომელსაც შეუძლია სამიზნე 120 კილომეტრის რადიუსზე გაანადგუროს.
რუსეთის მიერ ჩატარებულ წვრთნებს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოშიმასა ჰაშიაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ რაკეტების გასროლას ზიანი არ გამოუწვევია. მიუხედავად ამისა, ოფიციალური ტოკიო ამბობს, რომ ისინი "ფხიზლად" იქნებიან მოსკოვის სამხედრო წვრთნებისას.
ეს ბოლო თვის განმავლობაში პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთი იაპონიის ზღვაში სამხედრო მანევრს ატარებს. მანამდე, 21 მარტს, ზღვის თავზე 7 საათის განმავლობაში დაფრინავდნენ რუსული ბომბდამშენები, რომლებსაც ბირთვული იარაღს გადატანის შესაძლებლობაც აქვს. რუსული მხარის განცხადებით, ეს "დაგეგმილი ფრენა" იყო.