რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი გრძელდება - ექიმები ისევ ფოიეში არიან შეკრებილები და დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ. გუშინ მათ მოითხოვეს პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა. პასუხად ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრა და საავადმყოფოსთან დაკავშირებით გეგმის პრეზენტაციას მომავალ კვირაში გეგმავენ.
"ჩვენი პასუხი არის, რომ ჩვენ გვსურს მათთან შეხვედრა, გასაუბრება. დამაიმედებელი რომ ყოფილიყო [გუშინდელი განცხადება] ვფიქრობ დღევანდელი აქცია აღარ მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ჩვენ გვჭირდება საუბარი, გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, პირველი მოთხოვნა რაც იყო, რეაბილიტაციის პარალელურად უწყვეტი მუშაობა, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ვითხოვთ ისევ ბატონი ზაზა ავალიანის მხრიდან თანამდებობის დატოვებას, ვუცხადებთ უნდობლობას", - ამბობს აქციის მონაწილე ერთ-ერთი ექიმი.
ექიმები უნდობლობას უცხადებენ დირექტორის ფინანსურ მოადგილეს. ექიმები ამბობენ, რომ გაუგებარია როგორ აიღებენ ხელფასებს, თუ რეაბილიტაციის პარალელურად ვერ შეძლებენ მუშაობას.
ექიმები ამბობენ, რომ გუშინ დირექტორი და სხვა ხელმძღვანელი პირები სამსახურში არ მისულან, რამაც კლინიკაში პრობლემები შექმნა.
"არ ვიცი რატომ არ მოდიან. საბოტაჟს გვიცხადებენ, დირექტორატის არც ერთი წევრი არ არის", - ამბობს კიდევ ერთი ექიმი.
გუშინ პრემიერმინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადეს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურისა და ხელფასისი გარეშე, თუმცა უცნობია რატომ არ ხვდებიან ისინი ექიმებს მიმდინარე კვირაშივე.