მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მღვდლები ზელენსკის ემუქრებიან და კიევ-პეჩერის ლავრადან არ გადიან

გამოქვეყნდა:

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი კიევ-პეჩერის ლავრის მიტროპოლიტი და წინამძღვარი ვოლოდიმირ ზელენსკის ემუქრება. პაშა "მერსედესის" სახელით ცნობილმა სასულიერო პირმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი "ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებასა" და "რელიგიის კანონების დარღვევაში" დაადანაშაულა. 

სასულიერო პირის თქმით, "უკრაინის პრეზიდენტსა და მის ოჯახს უნდა ეშინოდეთ, რადგან ღმერთი არ აპატიებს ლავრიდან 220 სასულიერო პირის გაძევებას". 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მთავრობის მიერ მიცემული ვადა გუშინ ამოიწურა, თუმცა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო პირების ნაწილი კიევ-პეჩერის ლავრის დატოვებაზე უარს აცხადებენ. სასულიერო პირებმა მთავრობას სასამართლოშიც უჩივლეს. სარჩელის განხილვა 27 აპრილსაა ჩანიშნული.

უკრაინის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსული ეკლესიის წარმომადგენლებმა ლავრა უნდა დატოვონ, 10 მარტს გახდა ცნობილი, რასაც სასულიერო პირების აღშფოთება მოჰყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ გამოსახლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. იმის მიუხედავად, რომ რუსული ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არ დატოვებდნენ ტერიტორიას, მათ მოგვიანებით მაინც დაიწყეს კომპლექსის დაცლა და ხატების გატანა.

უკრაინის კულტურის სამინისტროს განცხადების თანახმად, უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტიდან უქმდება. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნებს, რომლითაც დგინდება, რომ მონასტრის მიერ დარღვეულია სახელმწიფო ქონების გამოყენების შეთანხმების პირობები.

30 მარტიდან ლავრაში ქონების კომისიამ უნდა დაიწყოს მუშაობა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი