"ჩხრეკისას ქუდი და გატეხილი ტელეფონი წაიღეს" - გრიგორიადისის ბაბუა შვილიშვილის დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა "მთავარ არხს" უყვება, რომ გვიან ღამით, დაახლოებით 11:00 საათზე მათთან სახლში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ ჩხრეკის ორდერით და ამოიღეს ქუდი და ძველი, დაზიანებული ტელეფონი. 

დაკავებულის ბაბუა იხსენებს, რომ ამის შემდეგ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ მისი შვილიშვილი დააკავეს. მისივე თქმით, ლაზარე გრიგორიადისი ადმინისტრაციული მუხლით 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ცესკოს შენობასთან გამართულ აქციებზე დააჯარიმეს. გუშინ კი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 

"სადღაც 11-ის ნახევარი იქნებოდა, დაირეკა კარებზე ზარი, გავაღე. თანამშრომლები ვართო საბუთი მაჩვენეს, ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო ლაზარე გრიგორიადისის აქციის თაობაზეო, ჩხრეკა რომ ჩაატარეს და რომ არ მოიკითხეს ლაზარე, მე თვითონ ვიკითხე - ლაზარე დაკავებული გყავთ-მეთქი?! მივხვდი. ქუდი ამოიღეს და მერე მიკითხეს ტელეფონი ან ლეპტოპიც ხომ არ აქვს. ლეპტოპი არ აქვს. ტელეფონი ძველი, 6 თვის წინ გაუტყდა და ვერ შევაკეთეთ. ისიც წაიღეს. აქცია რომ იწყებოდა ხოლმე ჩაიცმევდა - აქციაზე მივდივარ, ვერ ვიტან უსამართლობასო",- ამბობს გია კალანდაძე, ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა. 

21 წლის კაცი ამ დრომდე რჩება ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. მას ცოტა ხანში უფლებადამცველი მოინახულებს. 

პარალელურად "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  დაკავებულ ახალგაზრდას "ორიენტაციაარეული, გზასაცდენილ კაცს"  უწოდებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი