"ნაციონალური მოძრაობა" არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიციაზე კანდიდატურა წარადგინოს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად დაინიშნა, ეს თანამდებობა ვაკანტური გახდა.
კანონმდებლობით, სწორედ ენმ-მ უნდა დაასახელოს პირველ ეტაპზე კანდიდატურა. პარტიაში ამბობენ, რომ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული და ამ ეტაპზე განხილვა არ ყოფილა.
"ამ საკითხთან დაკავშირებით, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პარლამენტში არსებული ატმოსფეროდან გამომდინარე, არც გვიფიქრია და არც ვფიქრობთ, რომ ახლა ამ შემთხვევაში რელევანტური იქნებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება რამენაირად განგვეხილა. თუმცა, შესაძლო არის, არ გამოვრიცხავ, ვინაიდან ეს პოზიცია გათვალისწინებულია სწორედ ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური ფრაქციისთვის, შემდგომ ეტაპზე, რაღაც ეტაპზე ამის განხილვა მოხდეს, ზოგადად ფრაქციამ დაასახელოს შესაბამისი კანდიდატურა", - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.
იმ შემთხვევაში, თუ ენმ კანდიდატს არ წარადგენს, მაშინ, კანონმდებლობით უფლებამოსილება ენიჭება იმ ფრაქციას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ ფრაქციაში ყველაზე მეტი წევრი ჰყავს.