ევროკავშირის ელჩი ენმ-ის ოფისში, ლევან ხაბეიშვილს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს შეხვდა. დიპლომატი პარტიის ოფისში იმყოფებოდა.

ენმ-ის ინფორმაციით, შეხვედრა ელჩის ინიციატივით შედგა და ის საათნახევარს გაგრძელდა.  

საუბრის მთავარი თემები იყო 9 აპრილის აქცია, 12 რეკომენდაციის შესრულება, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა.  

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესში ოპოზიციის და მათ შორის, მთავარი ოპოზიციური პარტიის მონაწილეობა მნიშვნელოვანია და მათ კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულონ.

"მე ახლა მქონდა შეხვედრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესთან. ჩვენ ერთმანეთთან კავშირს ვინარჩუნებთ და გავცვალეთ აზრები მიმდინარე პოლიტიკური ვითარების თაობაზე, ისევე როგორც საქართველოს მისწრაფებაზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მე მოვუწოდე ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას საქართველოში, რომ შეასრულოს კონსტრუქციული როლი მიმდინარე დისკუსიებში 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ, რათა გაიზარდოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები წლის ბოლოს.

ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და საქართველოს მასში გაწევრიანების მხარდაჭერის მობილიზება. ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ამას, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ არის, მიმდინარეობს 12 პრიორიტეტზე მუშაობა და მნიშვნელოვანია, რომ ბოლო თვეებში გაორმაგდეს ძალისხმევა, რათა ეს პრიორიტეტები შესრულდეს. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა ინკლუზიურობა და ღიაობა, ხოლო ოპოზიციის მხრიდან საჭიროა ჩართულობა.

დემოკრატიულ ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დემონსტრაციები უნდა იყოს მშვიდობიანი. მე რამდენადაც ვიცი, მარტის აქციები დიდწილად მშვიდობიანი იყო და ისიც ვიცი, რომ სახალხო დამცველი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევებზეც საუბრობს." განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩმა.

 ევროკავშირის ელჩი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სამი კვირის წინაც იმყოფებოდა.

„ევროკავშირის ელჩს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ვუმასპინძლეთ. ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა, მათ შორის „რუსულ კანონთან“ მიმართებაში, რაც „რუსულმა ოცნებამ“ შემოიტანა და სახალხო პროტესტის შემდეგ ხალხმა დააღეჭვინა ეს კანონპროექტი. ამასობაში, დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბატონი ელჩის ინიციატივით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაიმართა. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, 12 პუნქტის შესრულების გეგმაზე, თუ როგორ ხედავს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ამ რეკომენდაციების შესრულების პერსპექტივას და რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და ასევე ვისაუბრეთ პოლიტპატიმრების შესახებ, რომელიც შეეხებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას, როგორც 12 პუნქტიდან ერთ-ერთ პუნქტს და ეს არის დეპოლარიზაცია და წარმოუდგენელია პოლიტპატიმრების გარეშე დეპოლარიზაციის მიღწევა.

ელჩი ღიად, მკაფიოდ მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და წარმოუდგენელია ეს მთავრობამ არ გამოიყენოს, თუ ძალით და მიზანმიმართულად არ ეწევა ევროპული პერსპექტივის საბოტაჟს, რადგან აბსოლუტურად ყველა მოწადინებულია, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, გარდა ბიძინა ივანიშვილისა და „რუსული ოცნებისა“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი