"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არც ლაზარე გრიგორიადისი და არც სხვა ახალგაზრდა იყოს დაუცველი უკვე დაანონსებული რეპრესიებისგან" | ენმ-ს განცხადება

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც ლაზარე გრიგორიადისი და არც სხვა რომელიმე ახალგაზრდა იყოს დაუცველი ხელისუფლების უკვე დაანონსებული და მიმდინარე რეპრესიებისგან" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. 

ხელისუფლება, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ცდილობს იმ ახალგაზრდების დისკრედიტაციას, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსული კანონის მიღებას საქართველოში. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავებაც სწორედ ახალგაზრდების დისკრედიტაციისა და დაშინების ლოგიკური გაგრძელებაა. “ქართულ ოცნებას” რუსული კანონის გაწვევით, უარი არ უთქვამს რუსულ სტილში ადამიანების დაშინებაზე, მათ დევნაზე.

მმართველმა პარტიამ მიიჩნია, რომ რუსული კანონის მიღებით გამოწვეულ სახალხო მღელვარებას ვერ ჩააცხრობდა აქციების დაშლით, ამიტომ საზოგადოებასთან ბრძოლის გზად აქციის მონაწილეების ინდივიდუალური „სამართლებრივი პასუხისმგებლობის“ გზა აირჩია. “ქართულმა ოცნებამ” უღალატა გავრილოვის ღამის შემდეგ დადებულ პირობას, სრულად პროპორციული არჩევნების შესახებ; საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა შარლ მიშელის შეთანხმებაც. ისინი დღესაც აგრძელებენ სახელმწიფო ინტერესების საბოტაჟს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს 9 აპრილის აქციის მნიშვნელობაში.

გუშინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, რომელიც თავად არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ქვეყნის ევროპული ორიენტაციის ცვლილებისა, ისაუბრა აწ უკვე დაკავებული ლაზარეს “არეულ ორიენტაციაზე”, რასაც თან სდევდა ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიის ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ სიძულვილზე დაფუძნებული კამპანია. ერთის მხრივ, “ქართულ ოცნებას” დაქვემდებარებული სატელევიზიო არხები და, მეორეს მხრივ, მათ მიერ დაქირავებული ტროლ-ბოტები თუ ექსპერტები აქტიურად მიუთითებდნენ როგორც ლაზარეს გარეგნობაზე, ისე მის არაქართულ გვარზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების მიერ წარმოებული სიძულვილის კამპანია, კიდევ უფრო გვაშორებს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს ადამიანების გარიყვას და მათ მიმართ სიძულვილის კამპანიის წარმოებას, ნებისმიერი ნიშნით.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც ლაზარე გრიგორიადისი და არც სხვა რომელიმე ახალგაზრდა იყოს დაუცველი ხელისუფლების უკვე დაანონსებული და მიმდინარე რეპრესიებისგან.

9 აპრილს, 17:00 საათზე, ყველანი ვიკრიბებით პარლამენტთან!

ვუთხრათ არა რუსეთს, ვუთხრათ არა რუსულ რეპრესიებს!

შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში!, - წერს ნაციონალური მოძრაობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი