პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა, სადაც შეერთებული შტატები და დასავლეთი განიხილება როგორც "ეგზისტენციალური საფრთხე". რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანი კი "ამერიკის შეერთებული შტატების დომინირების ნაშთების აღმოფხვრაა".

პარასკევს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, პუტინმა თქვა, რომ "საერთაშორისო ცხოვრებაში რადიკალურმა ცვლილებებმა მოითხოვა ძირითადი სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების სერიოზულად კორექტირება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია".

ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დასავლეთის პოლიტიკას რუსეთის მიმართ "ახალი ტიპის ჰიბრიდული ომი" უწოდა და თქვა, რომ "ანტირუსული" ზომები იქნება "მუდმივი წინააღმდეგობა, საჭიროების შემთხვევაში - მთელი სიმკაცრით". 

დოკუმენტში რუსეთი საკუთარ თავს განსაზღვრავს, როგორც "ორიგინალური ქვეყანა - ცივილიზაცია, დიდი ევრაზიული და ევროპული და წყნარი ოკეანის სახელმწიფო, "რუსული სამყაროს" დასაყრდენი, მსოფლიო განვითარების ერთ-ერთი სუვერენული ცენტრი" და ა.შ.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის "პრიორიტეტულ ამოცანებს" შორის კი არის "ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა არამეგობრული სახელმწიფოების დომინირების ნარჩენების აღმოფხვრა მსოფლიო საქმეებში, პირობების შექმნა ნებისმიერი სახელმწიფოს ნეოკოლონიურ და ჰეგემონიურ ამბიციებზე უარის თქმისთვის".

გარდა ამისა, დოკუმენტში ჩინეთი და ინდოეთი განიხილება, როგორც რუსეთის ძირითადი პარტნიორები.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია ბოლოს 2016 წელს შეიცვალა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი