
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, არ გასცენ ვიზები რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებისთვის, რომლებსაც უიმბლდონის ჩოგბურთის ტურნირში მონაწილეობის უფლება მიეცათ.
როგორც კულება Twitter-ზე წერს, უიმბლდონის გადაწყვეტილება, რომელიც რუს და ბელარუს მოთამაშეებს ასპარეზობის უფლებას აძლევს, "ამორალურია".
"შეაჩერა თუ არა რუსეთმა აგრესია ან სისასტიკე? არა, უბრალოდ, უიმბლდონმა გადაწყვიტა შეხვდეს დანაშაულის ორ თანამზრახველს. მოვუწოდებ ბრიტანეთის მთავრობას, უარი თქვას მოთამაშეების ვიზებზე", - წერს კულება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩოგბურთის ტურნირის, უიმბლდონის ორგანიზატორებმა რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელების მონაწილეობის აკრძალვა გააუქმეს. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის ჩოგბურთელებს მოეთხოვებათ ხელი მოაწერონ "ნეიტრალიტეტის დეკლარაციას" და არ მიიღონ დაფინანსება თავიანთი ქვეყნებიდან.