"ვეთანხმები პრეზიდენტს, ეს ქვეყანა გზაგასაყარზეა" | ჰერჩინსკი ზურაბიშვილის გამოსვლაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებს, რომ ეს ქვეყანა გზაჯვარედინზეა. ჰერჩინსკის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ჰერჩინსკის შეფასებით, ზურაბიშვილის გამოსვლა იყო ძალიან ძლიერი, ემოციური გამოსვლა, რომელიც საქართველოს მისწრაფებაზე იყო ორიენტირებული.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე ახლა ეროვნული კონსენსუსია საჭირო.

„პირადად ვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას. ეს იყო ძალიან ძლიერი, ემოციური გამოსვლა, რომელიც ორიენტირებული იყო საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი. ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომ ეს ქვეყანა არის გზაგასაყარზე და კეთდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველო მიაღწევს წარმატებას ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ ბორტზე ყველა გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი.

გვჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება და ერთად მუშაობა ინკლუზიურად, კონსტრუქციულად 12 პრიორიტეტის შესასრულებლად. ჯერ კიდევ არის დრო ამის გასაკეთებლად. როგორც არაერთხელ ვთქვი, ევროკომისია მიღწეულ პროგრესს ოქტომბერში შეაფასებს და შემდეგ ევროკავშირის 27 წევრი წლის ბოლოსთვის კოლექტიურად მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით. მივესალმები პრეზიდენტის განზრახვას, იყოს ჩართული და იყოს ამ ძალისხმევის ნაწილი.

ყველა უნდა იყოს ჩართული - მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ, როგორც ევროკავშირი, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ ძალისხმევას ყველა შესაძლო გზით, რათა გავზარდოთ შანსი, 27-მა წევრმა ქვეყანამ წლის ბოლოს პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს“, - თქვა ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა. იგი საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს შეეხო და  "ქართული ოცნების" ამჟამინდელი პრორუსული კურსი გააკრიტიკა. ზურაბიშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების გზაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ახლა საქართველო გზაგასაყარზე იმყოფება.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი