საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი 21 წლის აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისისთვის პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და წერს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი.
განცხადებას კოპალეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, საქმეზე კონტექსტის გაუთვალისწინებლობა ცალსახად მიუთითებს სასამართლოს მიკერძოებაზე.
"ლაზარე გრიგორიადისის მიმართ მოსამართლის/სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის - პატიმრობის გამოყენებით, სასამართლო იქცა მხოლოდ ნორმის მშრალად შემფარდებელ ორგანოდ. სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ლაზარეს საქმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი. განსახილველ საქმეზე კონტექსტის გაუთვალისწინებლობა ცალსახად მიუთითებს სასამართლოს მიკერძოებაზე. მოსამართლე ვალდებულია საქმის განხილვა-გადაწყვეტისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ სამართლებრივი მასალა, არამედ ყურადღება უნდა მიაქციოს არასამართლებრივ ცნებებს, რეალობას, რომელიც საქმის კონტექსტთანაა კავშირში (იხ. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE)დასკვნა N11(2008) სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხის შესახებ, §21-23).
სასამართლოს მხრიდან, ევროინტეგრაციისთვის საფრთხის შემქმნელი რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებით გამოწვეული სამართლიანი პროტესტის მნიშვნელობის გაუთვალისწინებლობა, მიუთითებს სასამართლო მართლმსაჯულების მიკერძოებაზე, უხარისხო სასამართლოს აქტზე, რამაც ლაზარეს შემთხვევაში გამოიწვია უსამართლო სასამართლო, დაარღვია მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო გლობალურ ასპექტში, სასამართლო დასცილდა თავისი მოქალაქეების სამართლიან მოთხოვნას, რომლებმაც და, მათ შორის, ლაზარემ, ხელისუფლებას მოსთხოვეს ქვეყნის განვითარების ევროინტეგრაციის კურსის დაცვა და ამ მიზნით მიმართეს მშვიდობიან პროტესტს", - წერს მაია კოპალეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.
შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა დაწვა პოლიციის კუთვნილი მანქანა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.