
სომხეთის პარლამენტის ვიცესპიკერის, აკოფ არშაკიანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ქვეყანაში ვიზიტის შემთხვევაში, ერევანს მისი დაკავების განზრახვა და სურვილი არ აქვს. ამის შესახებ მან სომხურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან გამოთქმული შეშფოთება და ვფიქრობ, შევძლებთ, რომ რომის სტატუტთან დაკავშირებული შემდგომი პროცესის უზრუნველყოფამ არ დააზიანოს სომხეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები", - განაცხადა არშაკიანმა.
როგორც არშაკიანმა აღნიშნა, ერევანს შეუძლია მოსკოვთან ისეთი ხელშეკრულება გააფორმოს, რომლის თანახმადაც, რომის სტატუტი გავლენას არ მოახდენს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაზე. მისივე თქმით, სომხეთმა მსგავსი ხელშეკრულება სხვა ქვეყნებთან გააფორმა, თუმცა საუბრისას არ დაუკონკრეტებია, რომელთან.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინს ბრალად ედება 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია. ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. პუტინის დაპატიმრება შესაძლებელი იქნება თუ ის ჩავა სასამართლოს წევრ 123 ქვეყნიდან რომელიმეში.
ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებიდან 1 კვირის თავზე, 24 მარტს, სომხეთმა სასამართლო გადაწყვეტილების რატიფიცირება მოახდინა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, კრემლმა სომხეთისგან მოითხოვა, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს.