"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, "გარკვეულ მანძილზე", თუმცა ასევე ამბობს, რომ პაციენტი დამხმარე საშუალებას იყენებს.
ის ისევ იმეორებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს გარკვეული ტიპის მკურნალობაზე.
"რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, თვითონაც აღნიშნეს, რომ რაიმე განსაკუთრებული გაუარესება რაც თვითონ ნახეს ბოლო პერიოდში, ეს იქნება მაგალითად ნევროლოგიური სტატუსი, არ აღენიშნება პაციენტს, პაციენტს გადაადგილება შეუძლია, შეუძლია დამოუკიდებლადაც გარკვეულ მანძილზე, მაგრამ ნუ იყენებს დამხმარე საშუალებასაც. ჩვენ ამიტომ გვყავდა მოწვეული სპეციალისტი, რეაბილიტოლოგი, რომელიც ატარებდა შესაბამის პროცედურებს, რომ კიდევ უფრო გააქტიურებულიყო, ეს ხელს უწყობდა თუნდაც კუნთოვანი მასის განვითარებას, მოძრაობაში გააქტიურებას და ასე შემდეგ, სამწუხაროდ პაციენტმა იცით თქვენ, რომ უარი განაცხადა ამ პროცედურების გაგრძელებაზე. ჩვენ გვყავდა სპეციალისტი მოწვეული არაერთხელ, რომელმაც ასევე დააფიქსირა ჩაკეტილ სივრცეში ყოფნის შეუგუებლობა და ეს არის რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი", - თქვა ჩხაიძემ.
ომბუდსმენის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი გუშინ მოინახულეს. ისინი რამდენიმე დღეში ახალ დასკვნას გაასაჯაროებენ. ექიმი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ ფიქსირდება წონაში კლება, ადგომის დროს პაციენტს აქვს წნევის ვარდნა, აქვს თავბრუს ხვევა, უჭირს გადაადგილება.