
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს პოლიციელის ცოცხლად დაწვა ჰქონდა განზრახული. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულს არავის აპატიებენ.
ღარიბაშვილმა "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ უწოდა "ანარქისტები".
"ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი, ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, ამას არავის არ ვაპატიებთ, ეს არის მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისი მტკიცებით, გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ღარიბაშვილმა პოლიციას მადლობა გადაუხადა.
"რაც შეეხება ამ ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს, მე მინდა შევახსენო ყველას, რომ საზოგადოებამ ნახა ბოლო დღეების განმავლობაში, ეს ადამიანები იყვნენ მომზადებული იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა კიდევ ერთხელ რომ ამის მიზანი გაცილებით შორსმიმავალი იყო, მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას, სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად ხელმოცარული, თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს იმ სიკეთეებს რაც მე ჩამოვთვალე, კეთილდღეობას, იმას რომ მეტი შემოსავალი ნახოს ჩვენმა ხალხმა, ეს არის სწორედ დეგრადირებული, ექსტრემისტული ოპოზიცია", - თქვა ღარიბაშვილმა.