სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დღეს ახალი მოადგილეები წარადგინა, რომელთა შორის ერთ-ერთი, ნათია ჯულუყიძე "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დისშვილია.
ის სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.
"პუბლიკასთან" საუბარში ნათია ჯულაყიძე ამბობს, რომ ელისაშვილის დის შვილობა უხერხულობას არ უქმნის.
"უხერხულობას შემიქმნიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილი რომ იყოს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანია, ლევანთან წლებია ვმუშაობ და ჩვენ ერთად ბევრი გვაქვს გაკეთებული, შესაბამისად არა, არანაირ უხერხულობას არ მიქმნის ის რომ ჩემი ნათესავი მოქმედი პარლამენტის წევრია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სახალხო დამცველის აპარატთან", - უთხრა ნათია ჯულაყიძემ "პუბლიკას".
"პუბლიკასთან" საუბარში ის ასევე ამბობს, რომ ბევრი წელია ლევან იოსელიანთან ერთად მუშაობს, მანამდე ის ვიცე-სპიკერის აპარატის უფროსი სპეციალისტი იყო, ასევე, აქტიურად იყო პარტიის დაფუძნებაში ჩართული.
მეორე მოადგილედ იოსელიანმა ელენე ღუდუშაური წარადგინა, რომელიც კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას.