
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი წევრ ქვეყნებს სთხოვს უკრაინის დახმარების პაკეტისთვის წელიწადში 500 მილიონი ევრო გამოყოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
NATO-ს ლიდერს სურს, რომ მოკავშირეებმა გაზარდონ კონტრიბუცია უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტში (CAP), რომელიც ითვალისწინებს მოკლევადიან დახმარებას, როგორიცაა საწვავი, დამცავი აღჭურვილობა და რუსული შემოჭრის საწინააღმდეგო საშუალებები.
CAP ასევე მიზნად ისახავს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და NATO-ს თავსებადობის სტანდარტების მისაღწევად. ამავდროულად, Bloomberg-ის წყაროების ცნობით, სტოლტენბერგის წინადადების დეტალები ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, უკრაინის NATO-ს სტანდარტებზე გადასვლაში დახმარება ასევე შეიძლება დაეხმაროს მოკავშირეებს, შეინარჩუნონ ლეტალური მხარდაჭერა თანამედროვე იარაღის მიწოდების გზით საბჭოთა ტექნიკის მარაგების ამოწურვის ფონზე.