ოპოზიციურმა პარტიებმა მაჟორიტარობის კანდიდატები კვირის ბოლომდე უნდა დაასახელონ. საერთო კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით მოსაზრებები კვლავ განსხვავებულია.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ მათ ჰყავთ კონკურენტუნარიანი კადრები და საერთო კანდიდატების წარდგენის აუცილებლობას ვერ ხედავენ. "ევროპულ საქართველოში" კი ამბობენ, რომ დიდ ქალაქებში მხარს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს დაუჭერენ, თუმცა რამდენიმე ოლქში საკუთარი კანდიდატების წარდგენა სურთ.
იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ძალიან კარგი პოზიციები, ჩვენ დავაყენებთ ყველგან. მათ შორის, ჩვენ გვჭირდება ადამიანები, ვინც პროპორციული სიის ნაწილში იბრძოლებენ, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.
"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი ლევან ბერძენიშვილი კი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალაა, რომელსაც საერთო კანდიდატების დასახელების გარეშეც შეუძლია მოქმედ ხელისუფლებას ძლიერი კონკურენცია გაუწიოს.
არ შეიძლება წამყვანმა ოპოზიციურმა ბლოკმა არ დააყენოს კანდიდატები ქვეყნის ნახევარში. ეს არის მარცხის ფორმულა, - განმარტავს ბერძენიშვილი.
ოპოზიციის წარმომადგენელთა კონსულტაციები ჯერჯერობით ჩანიშნული არაა, თუმცა ყველა თანხმდება, რომ კანდიდატების წარდგენამდე, მსგავსი შეხვედრა აუცილებლად უნდა გაიმართოს.