რიკოთზე მოძრაობა ისევ ჩაკეტილია. მოძრაობის ჩაკეტვის მიზეზად ხელისუფლება მეწყრული პროცესების განვითარებას ასახელებს. ადგილზე მომუშავე კომპანიას, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს, არ აქვს პასუხი, როდის გაიხსნება გზა.
"აპოლიტიკური ვარ. ვცდილობთ რომ სწრაფად, ყველანაირად ვცდილობთ, რომ გავხსნათ გზა და ხალხს ნაკლები პრობლემა ჰქონდეს", - თქვა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა.
ადგილზე მისულები არიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებიც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
"თითქმის ერთი კვირაა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც არის საერთაშორისო ფუნქციის მატარებელი და დღევანდელი შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფანი, ინფრასტრუქტურის მინისტრის და მისი მენეჯმენტის დაუდევრობის გამო, არის პარალიზებული. ადგილი ჰქონდა დაუდევრობას და პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, რომელმაც უნდა დატოვოს თანამდებობა და შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაიწყონ მოკვლევა, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივ ხარჯვასთან", - თქვა ენმ-ს წარმომადგენელმა ვასო ურუშაძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ კვირის ბოლოს იმსჯელებენ როდის და როგორ აღდგება მოძრაობა რიკოთზე.