რესპუბლიკურ საავადმყოფოში საპროტესტო აქცია დღესაც გრძელდება. პროტესტის პარალელურად კლინიკაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური ესწრება.
შეხვედრაზე არ მივიდნენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული ექიმები, რადგან მათი მთავარი მოთხოვნა, საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ზაზა ავალიანის გადადგომის შესახებ, ამ დრომდე არ დაკმაყოფილდა.
ზაზა ავალიანი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე ილია ღუდუშაურთან ერთად მივიდა, რასაც ექიმების მწვავე რეაქცია და შეძახილები მოჰყვა.
ამის შემდეგ კი მათ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ არ დასწრებოდნენ შეხვედრას და გაეწყვიტათ კომუნიკაცია კლინიკის მოქმედ დირექტორთან.
პროტესტის მონაწილე ექიმების თქმით, ისინი ახლა ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს ელოდებიან, რომელმაც საავადმყოფოსთან დაკავშირებული გეგმების შესახებ აქციის მონაწილეებისთვის პრეზენტაცია უნდა გამართოს, ამის შემდეგ კი პროტესტის სამომავლო გეგმებზე შეჯერდებიან.
ილია ღუდუშაურს კი იმედი აქვს, რომ პარასკევს ჩანიშნული პრეზენტაციის შემდეგ სიტუაცია ნორმალიზებისკენ წავა და ის ჯანდაცვის სამინისტროს დაგეგმილი პროექტი აუცილებლად განხორციელდება.
"მთავარი ამოცანა ამ წუთას რატომაც სამინისტრო ჩართულია პროცესში ამ წუთებში ის არის, რომ კლინიკა მუშაობს და პაციენტების მიღება არ შეფერხდეს ამ წუთებში. ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას ყველა თანამშრომელთან იმისთვის, რომ მივიტანოთ დეტალური ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით. პარასკევს როგორც იცით, უკვე ჩანიშნულია შეხვედრა, უკვე დააანონსა მინისტრმა, მთლიანად მედ პერსონალთან, ვფიქრობ რომ ნელ-ნელა ნორმალიზებისკენ წავა სიტუაცია და ის პროექტი, რომელიც დაგეგმილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, აუცილებლად განხორციელდება", - თქვა ილია ღუდუშაურმა შეხვედრაზე შესვლამდე.
ილია ღუდუშაურის შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან უკვე საათზე მეტია რაც მიმდინარეობს.
პროტესტი კი კლინიკაში უკვე მე-9 დღეა გრძელდება.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი