სახალხო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცნობილია. 2 აპრილს განხორციელებული ვიზიტის შედეგად, ექიმ-ექსპერტების დასკვნა ასეთია: 

პაციენტის მდგომარეობა:
დამძიმება 19 თებერვლის (პაციენტთან წინა ვიზიტის) შემდეგ. 
ობიექტური გამოკვლევით:
გამოხატულია მძიმე სარკოპენია. 
პაციენტმა დაიკლო კიდევ 4 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე.  გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.
წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 120/90-იდან 78/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა.
აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია.
შთაბეჭდილება:
1. სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე 4  სტადია.
2. ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.
პროგნოზი და რისკები:
1. პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში. 
წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. 
მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.
2. კვლავ ვლინდება პერიფერული და აუტონომიური ნეიროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას. 
ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანებისა/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით." ნათქვამია დასკვნაში.

პაციენტი ექიმებმა 2 აპრილს გასინჯეს. არასამუშაო დღეს განხორციელებული ვიზიტის გამო, მკურნალ ექიმთან გასაუბრება, ან ადგილზე სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა ვერ მოხერხდა. 

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი), გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი) და აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი).ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი) და გრიგოლი ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა).

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი