
რადიო თავისუფლების ევროპის ბიურის რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე ისაუბრა.
იოზვიაკი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეალისტური სცენარია, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის მიზანი შესაძლოა ქართველი ხალხის წახალისება იყოს.
იოზვიაკმა ამის მაგალითად ბოსნია და ჰერცოგოვინა მოიყვანა. მისი თქმით, ბოსნია და ჰერცოგოვინა "სტატუსს არ იმსახურებდა", თუმცა ევროკომისიამ მინიჭების რეკომენდაცია ხალხის წახალისების მიზნით მაინც გასცა.
"ვფიქრობ, რეალისტური სცენარია, რომ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ კანდიდატის სტატუსი შეიძლება ასევე გაუფასურდეს. ბოსნიამ მიიღო ეს კანდიდატის სტატუსი, მაშინ, როცა არ იმსახურებდნენ, მაგრამ კომისიამ ეს რეკომენდაცია გასცა და ეს ყველაფერი დაფუძნებული ანგარიშზე, რომელზეც მხოლოდ ნაკლოვანებები იყო მითითებული, მაგრამ არგუმენტი იყო, მოსახლეობის წახალისება.
რაც შეეხება საქართველოს იგივე შეიძლება იყოს აქ სიტუაცია. წახალისდეს მოსახლეობა მიუხედავად იმისა, რომ არ შესრულდა რეკომენდაციები და ეს იქნება გზავნილი ქართველი მოსახლეობისთვის, რომელიც აშკარად პროევროპულია და ეს იქნება გზავნილი ევროკავშირისგან რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების შესრულება", - თქვა იოზვიაკმა.
იოზვიაკმა ასევე ისაუბრა პოლიტპატიმრების საკითხზეც. მისი აზრით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება ევროკავშირისთვის პოზიტიური სიგნალი იქნება.
"სრულიად შესაძლებელია, რომ ასეთი ადამიანების [პოლიტპატიმრების] გამოშვება იქნება პოზიტიური გზავნილი საქართველოს მხრიდან. მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ საქართველომ მიიღოს ახალი რეკომენდაციები და პირობები იმისთვის, რომ გააგრძელოს წინსვლა ამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ის პირობები, რომლებიც იყო შეიძლება განმეორდეს, რადგან არ შესრულებულა, მაგრამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება შეიძლება იყოს ამ პროცესის დასაწყისი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯის გადადგმა", - თქვა იოზვიაკმა.
ამავე კონტექსტში იოზვიაკმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე. მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის თემას. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილს "რამე დაემართება, ევროკომისია საქართველოს მწვანე შუქს არ აუნთებს".
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ როცა კომისია გასცემს რეკომენდაციას, 27-ვე წევრი ქვეყანა თანახმა. რამე თუ დაემართება მესამე პრეზიდენტს არა მგონია მწვანე შუქი აუნთონ საქართველოს. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან შეწუხებულია ევროკომისია იმ მდგომარეობით, რომელშიც სააკაშვილია. ვფიქრობ, აუცილებელია პირობები შესრულდეს და აუცილებელია გაითვალისწინოთ ის პირობები და სიტუაციები, რომელსაც 27 წევრი ქვეყანა აღიქვამს", - თქვა იოზვიაკმა.
რიკარდ იოზვიაკის თქმითვე, ამჟამინდელი ევროკომისიის მიზანია, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკითხები ბოლომდე მიიყვანოს.
როგორც მან აღნიშნა, 2024 წელი არჩევნების წელია, ასევე იგეგმება კომისიის ცვლილებაც. მისი თქმით, 2024 წელს ევროკავშირი უფრო მეტად ფოკუსირებული იქნება შიდა პოლიტიკურ საკითხებზე.
"2024 წელს არჩევნების წელი იქნება აშშ-ში, ბრიტანეთში და ასევე მოხდება ცვლილება ევროკომისიის და დასავლეთი დაკავებული იქნება საკუთარი არჩევნებით. მთლიანად ევროკავშირში საუბარი იქნება შიდა პოლიტიკაზე და ამიტომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა დაასრულოს ყველა საქმე რომელიც ჰქონდა დაწყებულია და აუცილებლად უნდა მიიყვანოს უკრაინის მოლდოვის და საქართველოს საკითხი ბოლომდე იმიტომ რომ შემდეგ წელს, მათ ამის არც დრო და არც შესაძლებლობა არ ექნებათ", - თქვა მან.
მასალა მომზადებულია სინქრონულ თარგმანზე დაყრდნობით