
CNN-ის ცნობით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესზე, პროკურორებმა მოსამართლეს, მტკიცებულების სახით, სოციალურ მედიაში ტრამპის მიერ დაწერილი პოსტებიც გადასცეს.
როგორც გამოცემის კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, ბრალდების მხარემ პროცესზე თქვა, რომ ტრამპი, თავისი "უპასუხისმგებლო პოსტებით", საფრთხეს უქმნის ქალაქს, მართლმსაჯულების სისტემას, სასამართლოებსა და საოლქო პროკურატურას. მათ წარადგინეს სტატიაც, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჰქონდა გაზიარებული, სადაც ნაჩვენები იყო ტრამპის ფოტო ბეისბოლის ჯოხით.
ადვოკატებმა კი პროკურორებს უპასუხეს, რომ დონალდ ტრამპი საოლქო პროკურატურის უკანონობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამდა. მათივე თქმით, მისი პოსტები სოციალურ მედიაში მუქარის შემცველი არ ყოფილა.
მოსამართლემ კი განმარტა, რომ დონალდ ტრამპს აქვს სიტყვის თავისუფლება, თუმცა ორივე მხარე გააფრთხილა, არ წაახალისონ ძალადობა ან სამოქალაქო არეულობა სიტყვებით ან მოქმედებებით.
CCN-ის ჟურნალისტის თქმითვე, სასამართლო პროცესი დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა: "დარბაზში ისეთი სიჩუმე იყო, ქინძისთავის დავარდნის ხმას გაიგებდით".
ასევე, ცნობილია რომ ტრამპმა პროცესის განმავლობაში რამდენიმე რეპლიკა გააკეთა და ეს მაშინ მოხდა, როცა თავი უდანაშაულოდ ცნო. "პროკურორებმა განაცხადეს, რომ ეს შეთქმულების ნაწილი იყო, რომელიც 2015 წელს დაიწყო და სტორმი დენიელსისთვის სულ მცირე 130 000 დოლარის გადახდას გულისხმობს" -ამბობს გამოცემის კორესპონდენტი.
იხილეთ ასევე: