
პირი, რომელიც პუტინისთვის საიდუმლო კომუნიკაციებს უზრუნველყოფდა, ქვეყნიდან გაიქცა და უკარინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომი დაგმო. გლებ კარაკულოვი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში ინჟინრად მუშაობდა და მაღალჩინოსნების ნდობით აღჭურვილი პირი იყო, ახლა კი კარაკულოვი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და ამბობს, რომ მასთან სამსახურში ყოფნა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ინტერვიუ კარაკულოვთან „ცენტრმა დოსიემ“ გამოაქვეყნა.
"მე ამ ადამიანს ომის დამნაშავედ ვთვლი. მინდა მივმართო რუს ოფიცრებს, კოლეგებს -თქვენ არ უნდა შეასრულოთ კრიმინალური ბრძანებები. ის რაც ახლა ხდება უკრაინაში, სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩვენი პრეზიდენტი გახდა ომის დამნაშავე. ჩვენი პრეზიდენტი მოწყვეტილია სამყაროს. ის ბოლო რამდენიმე წელია საინფორმაციო ვაკუუმში ცხოვრობს და დროის უმეტეს ნაწილს თავის რეზიდენციებში ატარებს. მობილურს არ იყენებს, არც ინტერნეტს. ყველა ინფორმაციას იღებს მხოლოდ უშუალოდ ახლო გარემოცვისგან და მისი რეალობის აღქმა დამახინჯებულია.
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დღემდე იზოლაციაშია. მისი ადიუტანტები დღეში რამდენჯერმე იტარებენ PCR ტესტებს. 2020 წლამდე ძალიან ხშირად მოგზაურობდა. მერე ბუნკერში ჩაჯდა. მას ოფისები აქვს პეტერბურგში, სოჭში, ნოვო-ოგარევოში - სადაც ოთახები იდენტურადაა მოწყობილი. მაგალითად, ვიცოდი, რომ სოჭში იყო. ტელევიზორში კი ამბობდნენ რომ შეხვედრა გამართა ნოვო-ოგარევოში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის მიფრინავს. მოჰყავთ თვითმფრინავი, მიდის კორტეჟი, მაგრამ სინამდვილეში რჩება სოჭში. ეს კეთდება საგარეო დაზვერვის დაბნევისა და მისი ლიკვიდაციის მცდელობის თავიდან ასაცილებლად. პუტინს პათოლოგიურად ეშინია სიკვდილის". ამბობს კარაკულოვი
ამ ფაქტზე რუსეთის ხელისუფლებას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
არსებული ინფორმაციით, ოქტომბერში კარაკულოვი მივლინებით გაგზავნეს ყაზახეთში, სადაც მისი ცოლ-შვილიც ჩავიდნენ. იქიდან, კარაკულოვის მივლინების ბოლო დღეს, ის და მისი ოჯახის წევრები სამსახურებრივი პასპორტით სტამბოლში გაფრინდნენ.