
ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია მიზანმიმართულად იკავებს თავს განცხადებისგან მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც სტრასბურგში უნდა გაიგზავნოს.
მისი თქმით, ეს არის იურიდიული საკითხი, რომელსაც ადვოკატები და მესამე პრეზიდენტის ოჯახი თავად გადაწყვეტს და ენმ არ ჩაერევა განხილვებში:
„მნიშვნელოვანია 9 აპრილს, 17:00 საათზე, ყველა მოქალაქე მოვიდეს და დააფიქსიროს მისი ურყევი ნება, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. შეგახსენებთ, რომ 7-9 მარტის აქციებზე დადგა კონკრეტული შედეგი საზოგადოებასთან ერთად, როდესაც „რუსული კანონი“ გაიწვიეს და მე მინდა გითხრათ ასევე, რომ ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საპარლამენტო ოპოზიციამ, ყველამ ერთად, ვინც იბრძოლა ამ „რუსულ კანონის“ წინააღმდეგ. ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით 9 აპრილს და ვიქნებით ძალიან ბევრი. ეს მნიშვნელოვანია, როგორც
ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნისთვის ბრძოლას არ შევწყვეტთ.ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ვმუშაობთ ძალიან ბევრს, მათ შორის შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში იმართებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და ჩვენ უზრუნველყავით ის, რომ ეს თემა ყოფილიყო მნიშვნელოვანი საკითხი საინფორმაციოდ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ჩვენ 9 აპრილს ვიკრიბებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებასთან, ნიკა გვარამიას თავისუფლებასთან. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, ჩვენ არავის არ ვეჯიბრებით. რაც შეეხება სტრასბურგის სარჩელს, პარტია მიზანმიმართულად იკავებს თავს გააკეთოს რამე განცხადება, ეს არ არის პოლიტიკური სპეკულაციის საკითხი, ეს არის იურიდიული საკითხი, რომელსაც ადვოკატები, პრეზიდენტ სააკაშვილი და მისი ოჯახი თავად გადაწყვეტს, შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ არ ჩავერიოთ ამ განხილვებში, რადგან არ იყოს პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოყენებული სასამართლოში“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.