
რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით თურქეთში ტვირთების გადაზიდვა დაიწყო. 30 მარტს ე.წ. "აფხაზეთის რკინიგზა" წერდა, რომ 23 მარტს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საკონტეინერო მატარებელი ჩავიდა.
"მატარებელი სოხუმის რკინიგზის სადგურზე მიიღეს, მსგავსი მოვლენა აფხაზეთის რკინიგზის ისტორიაში პირველად ხდება. აფხაზეთში ჩავიდა მატარებელი 62 კონტეინერით, რომელშიც 2700 ტონა ტვირთი იყო.",- წერია 30 მარტს გამოქვეყნებულ მასალაში.
ამის შემდეგ გამოცემა СОВА-მ დაწერა, რომ სოხუმიდან თურქეთში დიდი ალბათობით რუსული ან ჩინური ტვირთი იგზავნებოდა. "ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე გამოქვეყნებული ვიდეოდან ჩანს, რომ კონტეინერები Smartlog-ს ეკუთვნის. ეს არის რუსული კომპანია, რომელიც მომსახურებას უწევს საკონტეინერო მატარებლების ორგანიზებას საკუთარი მოძრავი შემადგენლობის გამოყენებით."
გამოცემის ცნობით, სოხუმიდან თურქეთში ტვირთების გადასაზიდად გემი Anatolian გამოიყენეს.
"სოხუმში გამავალი კონტეინერები, სავარაუდოდ, სოხუმის პორტში მდებარე Anatolian გემს გადაეცემა. საქონლის ტრანსპორტირება საქართველოს ოკუპირებული რეგიონის გავლით შესაძლოა იყოს რუსეთის კიდევ ერთი სქემა საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით.",- წერდა გამოცემა
რადიო თავისუფლების ცნობით, ტრანზიტის ფაქტი დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალიას ლაბახუამ.
„ცოტა ხნის წინ 62 კონტეინერის შემადგენლობის მატარებელი შემოვიდა, ეს იყო საქონლის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში. მატარებელმა შეუყოვნებლად ჩაიარა, საბაჟო სამსახურის მხრიდან არანაირი შეფერხება არ ყოფილა. ეს არ არის პირველი მერცხალი, იყო სხვა ტრანზიტები, მაგრამ მცირე პარტიებში. შემოწმდა მარშრუტი, ჩატარდა მონიტორინგი“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე ლაბახუამ.[თარგმანი - რადიო თავისუფლება]
მისივე თქმით, მატარებელი უკან რუსეთის ფედერაციისთვის განკუთვნილი სხვა ტვირთით დაბრუნდება.
„აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის არსებული შეთანხმებით, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საქონლის შეუფერხებელი ტრანზიტი მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, საბაჟო გადასახადი მცირეა, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი პროცედურის ფაქტი ბევრზე მეტყველებს: დღეს ერთი მიწოდება, ხვალ მეორე და ასე, როგორც იტყვიან, ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტი "კაპიკ-კაპიკ" გროვდება", - თქვა ლაბახუამ..[თარგმანი - რადიო თავისუფლება]