თქვენი დახმარებით მტერს მიზნის მიღწევის საშუალება არ მივეცით, პოლონეთი ნამდვილი მეგობარია - ზელენსკი- დუდას შეხვედრა

გამოქვეყნდა:

ვარშავაში პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში შედგა. მხარეებს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარება, უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნებს შორის ურთიერთობაა. 

"შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ მოძმე ერების ურთიერთობები და თანამშრომლობა. ყველაზე მთავარი საკითხი რაზეც ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხი იყო.  ომის დაწყების შემდეგ ჩვენი მეგობარი ქვეყნის გვერდზე ვდგავართ. უკრაინას 300 ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა გადავეცით. მათ შორის საბრძოლო მასალები, რაკეტები, ჭურვები და ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ ვეხმარებით იმ გმირ მებრძოლებს რომელიც მედგრად იცავენ სამშობლოს რუსი ოკუპანტებისგან. რუსეთმა ეს ომი არამხოლოდ უკრაინის, არამედ პოლონეთის, ევროპისა და ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ დაიწყო. მადლობა ყველა პარტნიორს ვინც უკრაინას მხარს უჭერს. ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენთვის ეს პრიორიტეტია. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ნატოში გასაწევრიანებლად. ყველა აუცილებელ ნაბიჯს ერთად გავივლით." განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. 

ზელენსკიმ კი უკრაინელი ერის სახელით კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პოლონეთის პრეზიდენტს, მთავრობასა და პოლონელ ხალხს გვერდში დგომისთვის:

"ომის დაწყების შემდეგ მხარს გვიჭერთ. თქვენი დახმარებით მტერს მიზნის მიღწევის საშუალება არ მივეცით. ყველამ კარგად ვიცით რომ თუ უკრაინა დამარცხდება, რუსეთი არ შეჩერდება და სხვა ტერიტორიებზე გადავა. ეს უკომპრომისო ომია. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას, თავისუფლებასა და ხალხს. უკრაინის დამოუკიდებლობას ვერავინ წაგვართმევს. პოლონეთი არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ ნამდვილი მეგობარია. უკრაინელი ერი ამას ხედავს და გრძნობს. უკრაინამ კანდიდატის სტატუსი პარტნიორების დახმარებით მიიღო, თუმცა პოლონეთის როლი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული იყო. შეხვედრაზე ჩვენი არმიის გაძლიერებაზე ვისაუბრეთ. ამ საკითხზე დიალოგი გაგრძელდება. ბახმუტში, ავდიივკაში და მარნიკაში, ყველაზე ცხელ წერტილში ჩვენი გმირები იბრძვიან. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ჯარისკაცების დასაცავად. უკრაინა არასოდეს დაივიწყებს პოლონელი ხალხის თანადგომას. მუდამ გვემახსოვრება ის თუ როგორ თბილად მიიღეთ ომის გამო სამშობლოდან წამოსული ადამიანები. ქედს ვიხრი პოლონელი ხალხის წინაზე. დიდი მადლობა" განაცხადა ზელენსკიმ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებებს მართავენ უკრაინისა და პოლონეთის პირველი ლედებიც. ისინი უკრაინიდან პოლონეთში ომის გამო იძულებით გადაადგილებული ბავშვებისა და ქალების დაცვის საკითხზე მსჯელობენ. 

მოლაპარაკებების დაწყებამდე პოლონეთის პრეზიდენტმა ზელენსკი პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი